გაზაფხული იღიმება
( საბავშვო პიესა)
მოქმედი პირები:
გოგონა და ბიჭუნა (ანგელოზები)
მერცხალი
გუგული
ტოროლა
კოდალა
ენძელა
ია
ყოჩივარდა
პეპლები
მუხა
არყი
ნუში
ბებერი ვერხვი
ციყვი
კურდღელი
დათვი
მელია
მგელი
ფერია
პანი
სანდრო და მარი (ქართველი ბავშვები)
სონია-რუსი გოგონა
ხრისტო-ბერძენი ბავშვი
ონავარი ბიჭი
წითელქუდა
ჩექმებიანი კატა
კონკია
პროლოგი
(ცაზე, თეთრ ღრუბლებში მოკალათებულან ანგელოზები, გოგონა და ბიჭუნა, დედამიწას გადმოჰყურებენ და ერთმანეთს მხიარულად ეტიტინებიან:)
ბიჭუნა:-აჰა,მიიწურა თმაჭაღარა ზამთარი და თვალწარმტაცმა გაზაფხულმაც შემოაღო კარი. ირგვლივ უკვე გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, უკვე იგრძნობა მისი შემობრძანება. არ გჯერა? (გოგონას მიუბრუნდება)-მიმოიხედე ირგვლივ და მაშინვე შეამჩნევ საგაზაფხულო ფაციფუცს.
გოგონა:-ვხედავ, ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს! ბუნებამ ნელ-ნელა დაიწყო ზამთრის ბორკილებიდან თავის დაღწევა. ხეებმა მწვანე კაბები ჩაიცვეს, ყოჩივარდებმა და იებმა სხვა ყვავილებს დაასწრეს მოსვლა. მინდორ-ველი მწვანედ აღაღანდა, სოროებიდან გამოძვრნენ დათვი და მელა, თახვი თუ ციყვი...მერცხლებმაც შემოსძახეს საგაზაფხულო სიმღერა.
ბიჭუნა:-როგორც ხედავ,გაზაფხულის მოსვლას ყველა ერთნაირი სიხარულით ეგებება. მთელი დედამიწის ხალხი ზეიმობს წელიწადის ამ ულამაზეს დროს. ბუნება კარს უღებს ახალ სიცოცხლეს და მისი მკვდრეთით აღდგენა ხდება. ტყუილად კი არ შეარქვეს ძველმა ბერძნებმა გაზაფხულს ‘’ანიქსი’’. ეს ხომ ‘’ანიქსეს’’, ‘’ანიგო’’ს ანუ გაღებას ნიშნავს. ისე, რას იტყვი, თვალი ხომ არ გადაგვევლო აქედან დედამიწისათვის. ვნახოთ, თუ როგორ ხვდებიან გაზაფხულის შემობრძანებას სხვადასხვა ქვეყნებში.
გოგონა:-რატომაც არა? მხოლოდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ განსხვავებული ეროვნების ხალხი ჯადოსნურ ტყეში შევახვედროთ ერთმანეთს. ტყეში, სადაც ზღაპრულ პერსონაჟებს დაუდვიათ ბინა, სადაც არ იგრძნობა ეროვნული თუ რელიგიური სხვაობა, სადაც ყველა თანასწორია და ბედნიერი...
ბიჭი:-მართლაც კარგი აზრია! დღეს ხომ გაზაფხული დღება,მაშასადამე ჯადოსნური დღეა. მოდი, ცოტა ხნით მოვწყვიტოთ ხალხი რეალურ ცხოვრებას და ჯადოსნურ სამყაროში გადავიყვანოთ.
(გადასწევენ თეთრი ღრუბლების ქულას და ყურადღებით იყურებიან დედამიწაზე...)
მოქმედება პირველი
(გამოჩნდება ჯადოსნური ტყე, საოცრად ლამაზი და ნათელი. შემოფრინდება მერცხალი და ტყის ბინადართ სასიხარულო ამბავს ამცნობს.)
მერცხალი:- ზამთარი წასულა ფიფქების ამალით,
ნიავი ხეებთან ცეკვავს,
გაზაფხულს მოუძღვის ყვავილთა ლაშქარი,
მომავლის ნათელი დგება.
(ისმის საერთო ჟრიამული, შემდეგ კი ტყის ბინადრები ნელ-ნელა იწყებენ გამოსვლას. ჯერ გამოჩნდებიან ყვავილები და ხეები: ენძელა, ია, ყოჩივარდა, ნუში, მუხა, არყი. ყველანი მღერიან სიმღერას მერცხალზე: ‘’ისევ ჩემთან მოფრინდი’’...)
ენძელა:- გუშინ ვჭყიტეთ ენძელებმა თვალი,
ნუში:- ავყვავილდი მოწყენილი ნუში,
ყოჩივარდა:- ცხრათვალა მზემ გაგვიღიმა ნაზად
და დარეკა სიხარულმაც გულში.
ია:-ჩვენ, იები, ყოჩივარდები თუ ენძელები ხომ გაზაფხულის პირველი მახარობლები ვართ. თოვლის თეთრი საბნიდან ამოვძვრებით და ნაირფერად გადავფარავთ მინდორ-ველებს.
(მღერიან: ‘’გვესალმება ია’’)
მუხა:- ხეებსაც გვიხარია თვალჟუჟუნა გაზაფხულის სტუმრობა. პირადად მე, მუხას, ბევრი რამის გადატანა მიხდება მთელი ზამთრის განმავლობაში. ნელ-ნელა ვიძარცვები და ვშიშვლდები, მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხ და ათას ჭექა-ქუხილიან ღამეს ვუძლებ. ბევრჯერ მეცემა მეხიც, ტოტებს მომგლეჯს და მასახიჩრებს, მაგრამ მე მაინც იმედით ვცოცხლობ...იმ იმედით, რომ გაზაფხულზე ისევ შევიმოსები და გავლამაზდები...
არყი:- მეც ასევე მიხარია გაზაფხულის დადგომა. გული სიხარულით მევსება, რადგან ვიცი, რომ ჩემი დობილები და ძმობილები კვლავ გაცოცხლდებიან, გამოიღვიძებენ ზამთრის ხანგრძლივი ბურანიდან.
ყველანი ერთად :- გაზაფხულის მობრძანება
გვიხარია ყველას გულით,
თადარიგი დავიჭიროთ,
დავხვდეთ დიდი სიხარულით.
(შემოფრინდება ტოროლა.)
ტოროლა:- ყოველ დილით უღრან ტყეში
მე ვაღვიძებ თითქმის ყველას,
შემოვძახებ ჩემს სიმღერას,
აბა ოდელია-დელა.
(შემოდიან გუგული და კოდალა.)
გუგული:-მე კი გუგული ვარ. გაზაფხულის დადგომისთანავე ხეზე შემოვჯდები და ხალხს მოვუწოდებ კაფეთ და თესეთ მეთქი.
მღერის: ყოველ გაზაფხულზე
შემოვჯდები ხეზე,
შემოვძახებ მარდად,
აბა, კაფე! თესე!
გუ-გუ! გუ-გუ!
გუ-გუ-გუ! გუ-გუ-გუ!
კოდალა:-მე კიდევ ტყის მკურნალი კოდალა ვარ. ავადმყოფ ხეებს ჭიებს ვაცლი და ვასუფთავებ.
(ყველანი მღერიან: ‘’ვუმღეროთ გაზაფხულს’’..
მოქმედება მეორე
( ისმის ფლეიტის ხმა.შემოდის პანი,რომელიც ფლეიტაზე უკრავს. ყველანი აღტაცებულები უსმენენ ფლეიტის ლამაზ მელოდიას.მას მოჰყვება ფერია, ლამაზი პატარა გოგონა.)
პანი:-მე პანი ვარ, ტყის მფარველი ბერძნული ღვთაება.ჩემი ფლეიტის ჯადოსნური ჰანგებით მთელ ტყეს ვახალისებ და ვაცოცხლებ.
ფერია:-მე კი ტყის და მდინარის ფერია ვარ, დედაბუნების იდუმალი დამცველი.
(ამ დროს ისმის საუბარი და უეცრად შემოდიან პატარა გოგონა და ბიჭუნა, სანდრო და მარი.)
ფერია:-თქვენ ვინ ხართ?
სანდრო:-ჩვენ ქართველი ბავშვენი ვართ.მე სანდრო მქვია, ეს კი მარია. ტყეში სოკოს საკრეფად წავედით და დავიკარგეთ. მერე კი უცებ ამ ტყეში ავღმოჩნდით. ხომ ვერ მეტყვით სად ვიმყოფებით?
პანი:-ეს ჯადოსნური ზღაპრული ტყეა,სადაც არ არსებობს არც დრო, არც ეროვნება, არც ასაკი...სადაც ყველა თანასწორია. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ტყეში. მე პანი ვარ, ტყის ბერძნული ღვთაება, ქართულ ვარიანტში ოჩოპინტრე ბიძაშვილად მეკუთვნის (იღიმება). ეს კი ფერია გახლავთ. მოდით, თქვენც მოგვიყევით რამე თქვენს შესახებ.
სანდრო:-მე ერთი პატარა ბიჭი ვარ, სანდრო და ძალიან მიყვარს ფეხბურთი
მღერის: ‘’სანდროს სიმღერა’’...
მარი:-მე მეოცნებე, პატარა გოგონა ვარ და ძალიან მიყვარს ყვავილები.
მღერის:- ‘’მარი და ყვავილები’’...
(ამ დროს შემოდის კიდევ ერთი ბიჭი ხრისტო , რომელიც მღერის ბერძნულ სიმღერას: ‘’ηταν ενας γαιδαρος’’...
სანდრო:-შენ ვინღა ხარ?
ხრისტო:-მე პატარა ბერძენი ბიჭი ვარ, ტყეში ჩემი ვირი გამექცა და უკან გავეკიდე. ვირი სახლისკენ წავიდა, მე კი უეცრად ამ ტყეში ავღმოჩნდი და სახლისკენ მიმავალი გზა დავკარგე.
მარი:-ჩვენც ასე მოულოდნელად ავღმოჩნდით ამ ტყეში. ნუ გეშინია, ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩვენს სახლებში.
(ამ დროს ისმის ტირილი და შემოდის პატარა გოგონა, რომელიც ტირის.)
სანდრო:-რატომ ტირი?
ფერია:-ვინ ხარ პატარავ?
სონია:-მე რუსი გოგონა ვარ, სონია. ჩემს პატარა ძაღლთან ერთად ამ ტყეში ამოვყავი თავი. ძაღლი დავკარგე და ვეღარ ვპოულობ. ძალიან გთხოვთ, იქნებ მაპოვნინოთ.
მღერის:
ყველანი ერთად: რა თქმა უნდა გაპოვნინებთ, ჩვენი იმედი გქონდეს!
(ამ დროს შემოხტება კურდღელი და მას მოყვება ციყვიც.)
(მღერიან αχ κουνελακι, κουνελακι...)
სონია:-ჩემი ძაღლი ხომ არ გინახავს ყურცქვიტავ?
კურდღელი:-ძაღლი არა, მაგრამ მგელი კი შემომხვდა, რომელიც წითელქუდას დაეძებს.
ციყვი:-მოიცადეთ! ჩემი ფუღუროდან მოვკარი თვალი ძაღლს, რომელიც მდინარისკენ მირბოდა.
სანდრო:-ჩქარა,იქეთ გავსწიოთ!
ფერია:-დაიცადეთ, ბავშვებო. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. მდინარემდე შორი გზაა, ტყე კი უღრანია, შეიძლება დაიკარგოთ.
(გადიან. )
მოქმედება მესამე
(გზაზე მგელი მოძუნძულებს.)
მგელი:-წითელქუდა ხომ არ გინახავთ სადმე?
ბავშვები:-წითელქუდა არა, მაგრამ პატარა ძაღლს ვეძებთ. შენ ხომ არ შეგხვედრია სადმე?
მგელი:-მთელი დღეა მშიერი ვარ, რა დროს ძაღლია? (უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნებს და ძუნძულით გადის.)
(შემოდის დათვი.)
დათვი:- ‘’დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ
არ გაგიყოფთ არვისა“.
სანდრო:- დათუნია დრუნჩა,პატარა ძაღლი ხომ არ გინახავს?
დათვი:- არა, ჩემო ცუგრუმელებო. ძაღლი არა, მაგრამ ეს ქილა ერბო ვიპოვე ხის ძირას. უუფ, რა გემრიელიიიააა! (გემრილად მიირთმევს და გზას აგრძელებს).
(შემოდის მელია.)
მელია:-მე გძელქათიბა მელია ვარ. თქვენ ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ?
ბავშვები:- ჩვენ ბავშვები ვართ. დაკარგულ ძაღლს ვეძებთ. თვალი ხომ არ მოგიკრავს სადმე?
მელია:- კი, როგორ არა! ერთი ჩასუქებული წიწილა მოუპარავს და მიარბენინებდა!
ხრისტო:-ტყუილია! ეს შენა ხარ ქურდბაცაცა და ქათმების სინსილის გამწყვეტი, შე მატყუარავ!
(მღერიან: ‘’საქათმეში შეპარულა მელა’’)
(შემოხვდებათ წითელქუდა, რომელიც მღერის:)
‘’წითელქუდა გოგო ვარ,
წითელ წინსაფრიანი,
ბებიასთან მივდივარ
ხის ფოთლების შრიალით’’.
წითელქუდა:-მე დავინახე ძაღლი, რომელმაც მდინარესთან შეისვენა და წყალი დალია. აი, ამ ბილიკს გაჰყევით და იპოვნით (გზას უჩვენებს)
სონია:- დიდი მადლობა. შენ კიდევ მგელს უფრთხილდი, მთელი დღეა დაგეძებს.
წითელქუდა:-ნუ გეშინიათ! ჩემი მეგობარი ტყისმცველი პაპა მგელს მუცელს გაუჭრის და ამომიყვანს თუკი შემსანსლავს. (იცინის და ბავშვებს ემშვიდობება)
(შემოდის კონკია.)
კონკია:-თქვენ ძაღლს დაეძებთ, მე კი ჩემს ბროლის ფეხსაცმელს.ხომ არ გიპოვნიათ სადმე ერთი ციცქნა ბროლის ქოში?
მღერის: ‘’კონკიას სიმღერა’’
(უეცრად წვიმას იწყებს.)
ფერია:-მოდი,სანამ წვიმა გადაიღებს, ამ მუხას შევაფაროთ თავი.
( სხდებიან მუხის ქვეშ და მღერიან.)
სიმღერა: ‘’მხიარული წვიმა’’ და ‘’ჟუჟუნა წვიმა მოვიდა’’
მარი:-აი, წვიმამაც გადაიღო.ხედავთ, როგორ გამოცოცხლდა ლამაზი ბუნება წვიმის შემდეგ? ყური დაუგდეთ რა საამურად გალობენ ჩიტები.
სიმღერა: ‘’ჩიტუნები’’
(შემოდიან პეპლები.)
სანდრო:-აი, პეპლებიც მოფრინდნენ.
მღერიან: ‘’პეპლების სიმღერა’’ და ‘’μια ωραια πεταλουδα’’)
სანდრო:- ყველაფერ ამის შემყურეს როგორ შეგიძლია ერთი სიმღერა არ შემოსძახო! წავიდეთ მდინარისკენ, თან ვიმღეროთ!
მღერიან: ‘’რა მადლიანად ანათებს’’
(აღწევენ მდინარემდე.)
ფერია:-აი, მდინარეც!
მარი:-რა სილამაზეა! აქეთ მდინარე, იქეთ მობიბინე კორდები და უღრუბლო ცა!
სონია:-ჩემი ძაღლი აქ არ არის! სად ვეძებო? რა მეშველება?! (ამბობს სასოწარკვეთილი)
(ამ დრო შემოდის ჩექმებიანი კატა.)
ჩექმებიანი კატა:-გამარჯობათ ჩემო პატარებო! მე ჩექმებიანი კატა ვარ. გავიგე, რომ ძაღლს ეძებთ.მთელი ტყის ბინადრები სწუხან ამაზე და მეც თქვენს დასახმარებლად გამოვეშურე.ჩემი მსწრაფმავალი ჩექმები ჩავიცვი, რომ უფრო სწრაფად ვირბინო და ძაღლი მალე ვიპოვო. ჩემო პატარავ (სოფოს მიუბრუნდება) ნუ გეშინია, ძალია მალე აქ მოგიყვან შენს პატარა ფინიას. თქვენ ყველანი აქ დამელოდეთ და გპირდებით, რომ სულ ცოტა ხანში აქ ძაღლთან ერთად გავჩნდები. აბა, დროებით! (გარბის)
(ყველანი სხდებიან მწვანედ მობიბინე მინდორში.)
ფერია:-აი, ხომ ხედავთ,თუ რამეს გულით მოინდომებთ აუცილებლად აგიხდებათ. მთავარია, ახსენოთ სიტყვა “ნეტავ“...
სონია:-ნეტავ, მალე ვიპოვიდე ჩემს ძაღლს...
სანდრო:-ნეტავ, ახლა მეგობრებთან ფეხბურთი მათამაშა...
მარი:-ნეტავ, ახლა სკოლაში, გაკვეთილებზე მამყოფა...
მღერიან: ‘’თუ, თუ, თუ...’’ და ‘’დედა-ენა’’
( უეცრად შემორბიან აფორიაქებული ტყის ბინადრები:ციყვი,კურდღელი, დათვი, გუგული, ტოროლა და ყველა....)
ციყვი:-ფერია, რახანია დაგეძებთ! საშინელი ამბავი მოხდა!
კურდღელი:-ჩვენს კეთილ მეგობარს, ბებერ ვერხვს ჭრიან!
დათვი: (დაიბუბუნებს):-ტყისმცველი სად არის, ტყისმცველი! პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ თავხედს!
გუგული და ტოროლა:-ჩქარა, ფერია! ჩქარა, ბავშვებო! ჩვენთან ერთად წამოდით!
ბავშვები:-ჩვენ რომ ჩექმებიან კატას ველოდებით?
ტოროლა:-კატას მე მოვძებნი და ძაღლთან ერთად ჩვენც მანდ მოვალთ. (გარბიან.)
მოქმედება მეოთხე
(ტყეში დააბიჯებს ტყისმცველი თოფით მხარზე. ყველანი გარს შემოეხვევიან.)
კურდღელი:-სად ხარ ტყისმცველო?
ციყვი:-პაპა ტყისმცველო!
ტყისმცველი: - აქ ვარ, რა მოხდა?
ორივე ერთად:-უნდა გვიშველო!
კურდღელი: -იქ, ჩემს სოროსთან
ხე რომ დგას ერთი,
ხომ კარგად იცი
ბებერი ვერხვი?
მოადგა ვიღაც
თავხედი ბიჭი,
ცულით და ხერხით
და უმოწყალოდ
ჩეხავს და სხეპავს,
ვინ მისცა ნება?!
ციყვი:- მალე მთელ ტყესაც გადასჭრის ალბათ!
ტყისმცველი:-ნუ გეშინიათ, ცეროდენებო,
თქვენს გვერდითაა ტყისმცველი პაპა,
აბა, იქითკენ გავსწიოთ სწრაფად!
გუგული: ეს ამბავი მთელ ტყეს მოვსდოთ! იმ ბიჭს პასუხი ვაზღვევინოთ! კურდღელო და ციყვო, გამომყევით! დანარჩენები კი პაპას გაჰყევით! დათვი:-დაიცადეთ! მეც თქვენთან ერთად მოვდივარ! (გადიან)
მოქმედება მეხუთე
(შორიდან ცულის ხმა ისმის. ვიღაც ონავარი ბიჭი ბებერ ვერხვს ჭრის და თან მღერის:)
სიმღერა: ’’ერთი ონავარი ბიჭი’’
ტყისმცველი:- მანდ ვინა ხარ, შე თავხედო!
არ გრცხვენია, ხეს რომ გვიჭრი
დღისით, მზისით?
აბა, ერთი დამაცადე,
მოგეზღვევა საკადრისი!
(ყველანი მივარდებიან ბიჭს და ხელიდან ცულს გააგდებინებენ. ამავე დროს შემოვლენ ყველა ტყის ბინადრები: მელია, მგელი, კოდალა, მუხა, არყი, ნუში, ენძელა, ია, ყოჩივარდა,პეპელა, წითელქუდა, კონკია და პანი. მათ წინ მოუძღვით გუგული, ციყვი,კურდღელი და დათვი.)
გუგული:- ეს ამბავი ჩვენ იმწამსვე
მთა-ბარს მოვდეთ!
კონკია:- ხედავ, ბორცვზე მობუბუნე
მუხებს, რცხილებს,
გაბრაზებით რომ გიქნევენ
ლამაზ ტოტებს?
პანი:-როგორ გაბედე ჩემი ტყისათვის თითის დაკარება! ყველანი შენს დასასჯელად მოდიან!
ბიჭი:- (ტირილით) დაიცადეთ, მეგობრებო! აქ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. მე ჩემი სოფლის ტყეში ვიყავი და იქ ვჭრიდი ხეს. აქ როგორ ავღმოჩნდი არც კი ვიცი. არც კი ვიცოდი ზღაპრულ ტყეში თუ ვიყავი.
ფერია:-შენს ტყეშიც არ უნდა მოჭრა ხეები. მათაც ადამიანებივით სტკივათ ჭრილობა. თანაც, ხეებში ხომ ჩვენ, ფერიებსაც გვაქვს ბინა დადებული. შენ ამისათვის უნდა დაისაჯო!
ბიჭი:-დამიჯერეთ,უკვე წრფელი გულით ვნანობ ჩემს შედდომას. პირობას გაძლევთ, რომ ამიერიდან ეს აღარ განმეორდება. მეგონა, რომ ხეები და სხვა მცენარეები არაფერს გრძნობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ თქვენც ადამიანებივით გტკივათ გული, რომ თქვენც გინდათ სიცოცხლე და გაზაფხულის შემობრძანებაც გიხარიათ!
(მივა და ბებერ ვერხვს ჭრილობას შეუხვევს.ყველანი აღტაცებულები არიან მისი საქციელით. გაისმის ხმები:)
-ყოჩაღ, ყოჩაღ, ბარაქალა!
-აი, ახლა მოგვწონხარ!
ბებერი ვერხვი:-მიპატიებია, ჩემო ბიჭო! ამიერიდან უკვე იცი, რომ გრძნობა ჩვენც გაგვაჩნია. ამასთანავე, თითოეულ ჩვენთაგანს სამკურნალო თვისებებიც გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია ადამიანები სხვადასხვა დაავადებებისაგან განვკურნოთ და თუკი ვინმეს ჩვენი შველა სჭირდება ამ შემთხვევაში ჩვენ ვთმობთ ჩვენს სიცოცხლეს თქვენთვის! დაე, მოგვჭრან ან დაკრიფონ ჩვენი ფოთლები, თუკი ამით ადამიანის სიცოცხლის გადარაცენა შეგვიძლია. მაგრამ თქვენ, ადამიანები ზოგჯერ დაუნდობლად გვანადგურებთ. ჩემო დებო და ძმებო (მიუბრუნდება სხვა ხეებს) უთხარით ამ ბიჭუნას, თუ რა საოცარი თვისებები გაგვაჩნია.
მუხა:-ჩემი ქერქის ნახარშს სამკურნალოდ იყენებენ, ასევე ტყის მარჩენალსაც მეძახიან, რადგან ჩემი რკო გარეული ღორების საყვარელი საჭმელია. და რაც მთავარია, სანდრო და მარი (ბავშვებს მიუბრუნდება), მე ხომ თქვემი ქვეყნის, საქართველოს სიმბოლო ვარ, ათასწლოვანი მუხა-საქართველო, რომელიც წლებია მტრების შემოსევას უძლებს.
სიმღერა: ‘’მუხა ისევ გამოისხამს ფოთლებს’’...
არყი:-ჩემი ქერქის ნახარში ადამიანების თმებისთვის ძალიან სასარგებლოა.იგი აძლიერებს თმის ზრდას და ძირებს ამაგრებს.
ნუში:-მე კი კულინარიაში გამოვიყენები.ბავშვებს ძალიან მოსწონთ მათი საყვარელი ნუშის ნამცხვარი.
ია, ენძელა და ყოჩივარდა:-ჩვენ კი პარფიუმერიაში სუნამოებისთვის გვიყენებენ...
მგელი:-მიუხედავად იმისა, რომ მტაცებელს მეძახიან,მაინც სანიტრის როლს ვასრულებ. ტყეს ვასუფთავებ ცხოველთა ლეშისაგან
კოდალა:-მე ტყის მკურნალი ექიმი ვარ, ავადმყოფ ხეებს ჭიებს ვაცლი.
გუგული:-მე ხეზე რომ შემოვჯდები და ჩემს გაუთავებელ გუ-გუს დავიწყებ, მაშინ ყველას ვამცნობ კაფეთ და თესეთ მეთქი.
მელია:-გრძელქათიბა მელიაც ტყის მშვენება გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ ქურდბაცაცას სახელი მაქვს გავარდნილი.
ციყვი და კურდღელი:-ჩვენ პირველები ვამხიარულებთ ტყეს დილაობით!
დათვი:-მე კი, დათუნია დრუნჩა, ტყეში ყველაზე უფროსი ვარ!
ბიჭი:-(აღტაცებით)-დღეიდნ მეც შენს მეგობრად მიგულე ჩემო ლამაზო დედა-ბუნებავ! პირობას გაძლევ, ამიერიდან შენი ერთგული ქომაგი ვიქნები!
(ყველას უხარია. ამ დროს შემოდიან ტოროლა და ჩექმებიანი კატა, რომელსაც ძაღლი უჭირავს ხელში. მივა და სონიას გადასცემს.გოგონა გახარებულია, კატას მადლობას უხდის და ძაღლს გულში იკრავს)
ჩექმებიანი კატა:-დაგპირდი გიპოვი მეთქი და აგისრულე კიდევაც! აქ რაც მოხდა გავიგე, კაჭკაჭმა ამბავი მომიტანა.კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დასრულდა.
ტოროლა:-დღეიდან ეს ბიჭიც ჩვენი მეგობარია, რადგან შეცდომა მოინანია.
ეპილოგი
(შემოდის მერცხალი.)
მერცხალი:- სადაცაა გაზაფხული კარს შემოაღებს, მოემზადეთ!
ფერია:-რადგან ყველაფერი ბედნიერად დასრულდა, ვინმეს რამე ნატვრა ხომ არა აქვს? დღეს ჯადოსნური დღეა და აუცილებლად ახდება.
პანი:-მთელი ტყის სახელით მე ვინატრებდი ჯანსაღ და ლამაზ დედაბუნებას. ბავშვებო, თქვენ რას ინატრებდით?
ხრისტო:-მე ვინატრებდი მშვიდობას მსოფლიოში და ყველა ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას.ჩემს ქვეყანაში, საბერძნეთში ძალიან ბევრი ემიგრანტია, მათ შორის ქართველებიც. ჩემს სკოლაში, ჩემს კლასში ბევრი ქართველი მეგობრები მყავს და ამიტომ ძალიან გამეხარდა, რომ ამ ტყეშიც ახალი ქართველი მეგობრები შევიძინე სანდროს და მარის სახით.
სონია:-მეც მშვიდობას ვისურვებდი.აღარ გვინდა ამდენი ომი და ნგრევა.მინდა, ყველას ნათელი დღე გაუთენდეს.
ონავარი ბიჭი:-სადღაც ჯიხვების ხმა ისმის,
სადღაც ღრუბლები მიჰქრიან,
კლდეებს სამოსში რომ ახვევს
ეგ ხომ თავნება ნისლია.
სულს კვლავ მშვიდობა მოსწყურდა
და აქამდე არ მიგვრძნია,
რომ ქვეყნად ძალზე მთავარი
ჩემს სამშობლოზე ფიქრია.
სანდრო:- მაშ, მოდით, ერთად შევიკრათ,
თუ სადმე დავრჩით ქართველნი,
ღმერთს შველა ვთხოვოთ მამულის,
ავუნთოთ წმინდა სანთელი.
მარი:- ქვეყნად მშვიდობა შევსთხოვოთ,
არ იყოს ბნელი საქმენი,
რომ სახვალიოდ ქართველ ერს
დღე გაგვითენდეს ნათელი.
მღერიან: ‘’ხელთ მიპყრია სანთელი’’ და ‘’მშობლიური მხარე’’
(შემოდის გაზაფხული-პატარა, ლამაზი გოგონა. მწვანე, დაფოთლილი კაბა აცვია, თავზე კი ფერადი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ადგას. შემოდის გაღიმებული, ხელში დიდი მზე უჭირავს-სიცოცხლის სიმბოლო.)
ყველანი ერთად ამბობენ:- შემობრძანდა და ბუნებაც
სიხარულში იძირება,
თვალწარმტაცი, თვალჟუჟუნა
გაზაფხული იღიმება.
სიმღერა ‘’მრავალჟამიერი’’
დასასრული