.............................................................
* * *
როგორა ვარ?
ამას კითხვა რაღად უნდა,
ამას შენ ხომ ჩემს თვალებში წაიკითხავ...
რატომ ვდუმვარ?
ამ კითხვაზე პასუხს რად მთხოვ,
მე სათქმელი რახანია ლექსად გითხარ...
ნუღარ მკითხავ
თუ რატომ ვარ იდუმალი,
ან თუ რატომ დავატარებ სევდის ძაძებს,
გარდასული წლების ფიქრთა გზასაყართან
მე რამდენჯერ უიმედოდ დაგიძახე...
გეძახოდი და გიხმობდი წარსულიდან,
დაგეძებდი, ვით მწყურვალი ეძებს წყაროს,
პასუხად კი გულუბრყვილოდ შემომცინე,
გვიანია, უკვე შენი აღარ ვარო!..
დრომ გაცრიცა უსასრულო მოლოდინი,
თან წაიღეს იმედები ანცმა წლებმა,
რატომ გიკვირს თუკი არვის ველოდები,
თუკი მხოლოდ ოცნებებში ვეძებ შვებას...
ახლა ალბათ აღარ გიღირს აღსარება,
მე ხომ სიზმრებს უკვე ვხედავ სულ სხვა ფერში,
როგორა ვარ?
ამას კითხვა რაღად უნდა,
ამას თვითონ მიგახვედრებს ჩემი ლექსი...
29.02.2012
***
მე როცა წავალ
ალბათ იწვიმებს...
ალბათ მოიტანს ღრუბელი სევდას,
დღე როცა გავა
ღამე მოიწყენს,
გული უეცრად შეწყვიტავს ფეთქვას...
მე როცა წავალ,
ალბათ გაიგებ
და შენს ფიქრებში გავკრთები ლანდად...
სინდისის ხმობას ალბათ დაიწყებ,
რომელიც შენში არასდროს ჩანდა...
მე როცა წავალ
ალბათ ნიავი
იქროლებს კენტად ფიქრებთან ბაღში...
და მოგონება იცეკვებს დროსთან
კვლავ ჩემს ლექსებად მოვარდილ ქარში...
მე როცა წავალ
ალბათ ითოვებს...
გრძნობას დაჰფარავს წმინდა ფიფქები,
თეთრი სიჩუმე მიმღერებს ზღაპარს
და ასე ჩუმად გარდავიცვლები...
მე როცა წავალ
სივრცედ ვიქცევი...
ალბათ შეწყდება წარსულთან დავა,
ისევ ლექსებად მოვალ ხელახლა,
მე როცა წავალ...
მე როცა წავალ...
26.02.2012
* * *
ვინ თქვა, რომ წიმა ნაკვალევს შლისო,
ვინ თქვა, რომ თურმე თან მიაქვს სევდა,
ათასი დღის და ათასი ღამის
მოგონებები მე ისევ მდევდა...
ვინ თქვა, რომ ტკივილს მხოლოდ დრო ჰკურნავს,
წარსული დროში რომ ფერმკრთალდება,
გარდასულ დღეთა მკრთალი აჩრდილი
ფიქრებში ისევ აელვარდება.
ვინ თქვა, რომ გრძნობას ყველა ივიწყებს,
რომ სიყვარული სიყვარულს ცვლისო,
მივიწყებული პირველი ტრფობა
გულში სულ რჩება, ვით მადლი ღვთისო.
თან რჩება, როგორც წიგნი მტვრიანი
სკივრში შენახულ საგნებთან ერთად
და თუკი წარსულს კვლავ გადაფურცლავ
ვინ იცის, როდის კვლავ აენთება...
ვინ თქვა, რომ სისხლი აღარ ჰყივისო,
რომ მშობელ მიწას თითქოს ივიწყებ,
მაშინ ფესვები სად გიდგას, ნეტავ,
მაშ რად უმღერი ტურფა პირიმზეს?...
ვინ თქვა, რომ დარდი უკვალოდ ქრება,
ვინ თქვა, რომ ჩვენში იზრდება ბავშვი,
რომ სიყმაწვილის ლამაზი წლები
მოგვევლინება მხოლოდ სიზმარში...
ბავშვიც ვარ...ქალიც...შვილიც და დედაც...
გულის სიღმეში კი... ისევ ის ვარ...
ის მეოცნებე, პატარა გოგო,
სულ რომ ღიმილით ხვდებოდა ცისკარს...
ვინ თქვა, რომ გული თითქოს ბერდება,
ან რომ სიკვდილი სიცოცხლეს ცვლიდა,
ვინ თქვა, რომ წვიმა ნაკვალევს შლისო,
მას ხომ იმედი ჩამოაქვს ციდან...
25/02/2012
* * *
თურმე კარგა ხანია
ლექსი არ მიწერია,
ჩემს ევტერპეს რატომღაც
გრძნობით არ უმღერია.
თურმე კარგა ხანია
სულს მოსწყურდა თარეში,
ოღონდ აქ კი არა და
ჩემს მშობლიურ მხარეში.
ჩემს ტკბილ საქართველოში
დაბრუნება მომინდა,
რომ შემეძლოს ყველაფერს
დავიწყებდი თავიდან...
ნოსტალგიამ იფეთქა,
უკვე ვეღარ ვაკავებ,
ხელთ უპყრია გრძნობების
უსასრულო სადავე.
მირბის... მიექანება
როგორც შმაგი მდინარე,
მის ზვირთებში ვყოფილვარ
თურმე წლობით მძინარე.
ახლა გამომეღვიძა,
ვიცი, თურმე რაც მჭირდა,
სამშობლოს მონატრება
გულზე ლოდად მიმძიმდა.
ამოხეთქა გრძნობებად,
ამოხეთქა ლექსებად,
ასი სანთლის მუდარად
ცისფერ ზეცას რომ სწვდება...
ღმერთო, მადლობას გწირავ,
თვალი რომ ამიხილე,
ძველ ღმერთების მიწაზე
უკვე ცხადად ვიხილე,
რომ სამშობლო ერთია,
როგორც დედა-მშობელი,
გულში ცეცხლად მინთია
სხივი ჩაუქრობელი.
ჩემო ტკბილო ლიზიკო,
გადმოგხედავს ღმერთია,
პატარა საქართველო
შენი დედულეთია.
ბერძნულ-ქართულ ადათებს
როცა შეისიხლხორცებ,
ორი სამშობლოს ქონას
მაშინ იგრძნობ, იცოდე!
როდესაც გაიზრდები,
დიდი გოგო იქნები,
ქართულს ნუ დაივიწყებ,
უალერსე ფიქრებით.
...ლექსი არ მიწერია
თურმე დიდი ხანია,
ეს სულის აღსარება
ნოსტალგიის ბრალია....
ლექსები 2002-2004
2004
უფერო პალიტრა
მე პალიტრაზე ვერ ვიპოვე
ვერცერთი ფერი...
ვერცერთი ფერი
რომ ნახატი შემექმნა მსგავსი...
ვერცერთი ფუნჯით ვერ დავხატე
მე ვერაფერი...
მსგავსი ლოდინით დაღალული
უმწეო ბავშვის...
მე სასიტყვეთში ვერ ვიპოვე
ვერცერთი სიტყვა...
ვერცერთი ლექსი ვერ მოვარგე
უმზეო ღამეს,
ვერცერთი სხივი ვერ მოვპარე
ოცნების რიჟრაჟს
და გავატანე ყველაფერი
მოვარდნილ ქარებს...
...და დავაბრალე ყველაფერი
სევდიან თვალებს,
იცი, მე მათში შორეული
გრძნობა დავლანდე,
ნეტავ, შემეძლოს!..მოვუხმობდი
უკან იმ წამებს,
და დაგიცდიდი...
დაგიცდიდი თუნდაც დაღლამდე...
მე პალიტრაზე
ვერ ვიპოვე
ვერცერთი ფერი...
ვერცერთი სიტყვა ვერ მოვარგე
გრძნობას უცნაურს,
გარდასულ დღეთა საფლავიდან
მომეცი ხელი!..
მე ჯერაც ვეძებ,
ჯერაც ველი
რაღაც სასწაულს!...
* * *
თოვს...
ფანჯრებთან მიყუჟულა ღამე,
ფიქრი ფიფქად ჩამოთოვა ზეცამ,
იქნებ ფიქრში მაინც მითხრა რამე,
თუ არა და...ისევ გაქცევ ლექსად...
თოვს...
სულშიაც შემოიჭრა უკვე
უჩვეულო სევდა ზამთრის ზღაპრის,
შენ თოვლივით უხმაუროდ მოხველ
და თოვლივით უგზო-უკვლოდ გაქრი...
თოვს...
ნელ-ნელა იცრიცება ღამე,
ხეებს ათოვს ფიფქის თეთრი ფთილა,
კვლავ უშენოდ მათენდება თავზე
მამლის ყელით გასროლილი დილა...
* * *
ალბათ, ისეთი ძლიერი არ ვარ
როგორიც...თუნდაც მინდა, რომ ვიყო,
ხელი ჩავჭიდო ოცნების ხომალდს
რომ ტალღამ სადღაც აღარ გამრიყოს...
ალბათ, ისეთი მამაცი არ ვარ
როგორიც მინდა რომ ვიყო მართლაც,
ჯიბრში ჩავუდგე გიჟმაჟ მდინარეს
და აღარ გავყვე დინებას სადღაც...
ალბათ, ისეთი ამაყი არ ვარ,
როგორიც ვჩანვარ უცხო თვალისთვის,
თავი რამდენჯერ ძირს დამიხრია
და აღსარება მითქვამს ღამისთვის...
ალბათ, ისეთი გულწრფელი არ ვარ,
როგორიც უნდა ვიყო ბოლომდე,
არ მივსტიროდე დაკარგულ გრძნობას,
გაცრეცილ დღეებს აღარ ვგლოვობდე...
ალბათ, ისეთი მორწმუნე არ ვარ,
როგორც ჭეშმარიტ ღვთის შვილს შეშვენის,
მაგრამ მე ზეცა მიამებს ტანჯვას
და უსასყიდლოდ უფალი მშველის...
ალბათ, ისეთი ძლიერი არ ვარ
როგორიც...თუნდაც, მინდა რომ ვიყო,
ხელი ჩავჭიდო ოცნების აფრას
და ტალღამ ბოლოს შენთან გამრიყოს...
მეტამორფოზა
დაქანცულ ფიქრთა ლაბირინთებში
დავიკარგები, როგორც ზმანება,
ისევ ეწვევა ჩემს სულს გოლგოთა,
დაფერფლილ წარსულს ახსოვს წამება...
ქიმერებს ვუხმობ დროში გაცრეცილთ,
ვგრძნობ, ჩემში რაღაც იცვლება ნაღდად,
სულში ხელს მიყოფს მეტამორფოზა,
ვხედავ, რომ ვიღაც მომელის კართან...
ვიცი, რომ გვირაბს სადღაც აქვს ბოლო,
ბოლოს კი მუდამ არის სინათლე,
ვიცი, რომ ბევრჯერ ღამენათევი
დამელოდება ვიღაც დილამდე...
დამელოდება ვიღაც იმქვეყნად
რადგან ამქვეყნად შევხვდი ვერასდროს,
სული გასწყვიტავს სივრცის ბორკილებს,
დროს კი სხეულის როკვა გააქრობს...
დაქანცულ ფიქრთა ლაბირინთებში
დავიკარგები, როგორც ზმანება,
სულში ხელს მიყოფს მეტამორფოზა
და ვიწყებ ჩუმად გარდაცვალებას...
ხევსურული
ნეტავ, ვიცოდე ვითარ ძლებ
ბიჭავ, მარტოკა მთაშია,
ირმისთვალება გოგოი
ჯერ კიდევ გელის ბარშია.
ნეტავ, მაქცია არწივად,
ავფრინდებოდი ცაშია,
მაღლიდან გადმოგხედავდი
და ფრთებს გავშლიდი ქარშია...
ან კიდევ ჯიხვად მაქცია,
შეგეყრებოდი გზაშია,
არსაით არ გაგიშვებდი,
თვალს გაგიყრიდი თვალშია.
ან მძიმე სენად მაქცია,
შეგამცივნებდი ტანშია,
ისეთ დღეს მოგანატრებდი,
ვერ ჩერდებოდე კარშია.
ტრამალ და ტრამალ დარბოდე,
მეძებდე იალაღშია,
ყველგან რომ გელანდებოდე,
დარშია თუ ავდარშია...
წუხელის სიზმარში გნახე,
ვარსკვლავს მიბნევდი თმაშია,
ჰაი, რომ ცხადი არ იყო,
არ დაგრჩებოდი ვალშია!...
* * *
არ მეგონა
რომ ცხოვრება
ასე მწარედ დამცინებდა...
არ მეგონა
თუკი წარსულს
დიდი სივრცე მაცილებდა...
არ მეგონა
რომ ოცნება
არასოდეს ახდებოდა,
თოვლის ნაზი ფანტელივით
თუ ორ წამში გალღვებოდა...
არ მეგონა
რომ ოდესმე
იმედები მოკვდებოდა,
რომ სიკვდილის შავი ხელი
მას ოდესმე მოსწვდებოდა...
არ მეგონა
ბედისწერა
თუკი მაინც მაჯობებდა,
კაცი ბჭობდა, მაგრამ ცაში
ღმერთი თავის კანონს დებდა...
არ მეგონა
თუ ოდესმე
შემაჩვევდა მე თავს დარდი,
არ მეგონა
ასე ძლიერ,
ასე გრძნობით თუ მიყვარდი...
არ მეგონა
თუ ცხოვრება
ასე მწარედ დამცინებდა...
თუკი ლამაზ ბავშვობის წლებს
მე დიდი დრო მაცილებდა...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
2003
* * *
დაგიძახე...
გევედრები, მომეშველე!
თოვლიან მთებს მოწყვეტილი
ნამქერი ვარ...
გევედრები,
ოდნავ მაინც მომეფერე,
მზის სხივების მოფერებას
ნაჩვევი ვარ...
დაგიძახე...
გევედრები, მომეშველე!
შმაგ მდინარეს მოსხლეტილი
კალმახი ვარ...
ნუ ხარ მკაცრი,
ოდნავ მაინც დამიყვავე,
თორემ...იცი, მეტისმეტად ამაყი ვარ!
თორემ...იცი, მეტისმეტად ფაქიზი ვარ,
ვერ გავუძლებ მარტოობას
და სიცივეს,
ხის ტოტებში ჩარჩენილი
თოვლივით ვარ,
დავდნები და
თეთრ ზამთარსაც ავატირებ...
დაგიძახე...
გევედრები, მომეშველე!
ცისფერ ზეცას მოგლეჯილი
ღრუბელი ვარ...
მოდი,
სანამ ლურჯი წვიმით დაგასველებ,
სანამ შენი სიყვარულით
გამთბარი ვარ!...
* * *
ჯადოსნური მდინარე,
სადღაც ჩამომდინარე,
უსასრულოდ მდინარე,
აცოცხლებსო იმედებს...
ოცნებებით მძინარემ
დიდხანს, დიდხანს ვიარე,
ცხრა მთა გადავიარე,
ცხრა თვე გადავიმეტე...
სიყვარულის მდინარე,
მზის სხივებით მცინარე,
ქვეყანა მოვიარე,
მაგრამ ვერსად ვერ ვჰპოვე...
მერე...ბევრი ვინანე,
თურმე ფუჭად ვიარე,
იცი, მე ის მდინარე
შენს თვალებში ვიპოვე!..
* * *
დრო გადის...
მიყვება
წუთი წუთს...
წამი წამს...
დრო მოვა,
ევტერპე
თავისთან
წამიყვანს...
დრო გავა...
გაქრება
ლამაზი წუთები,
ოცნებებს
დასტოვებს
ციური მუზები...
დრო გადის...
დრო გადის...
და მეც დროს მივყვები,
ვიცი, რომ ოდესმე
მეც სივრცე ვიქნები...
მეც ნისლი ვიქნები,
მზის სხივით ნაფერი,
ყველაფერს დაჰფარავს
ოცნების ნამქერი...
დრო გადის...
მიყვება
წუთი წუთს...
წამი წამს...
ჩემს ლექსებს
ევტერპე
თავისთან
წაიყვანს...
* * *
გახსოვს
ლურჯი საღამო,
იასამნის სურნელი,
სევდა დაუსაბამო,
ოცნებები ულევი?..
გახსოვს
თეთრი ბილიკი
და ცისფერი ტალღები,
თოლიების ლიკლიკი,
მთების მუზარადები?..
ნუთუ მართლა არ გახსოვს
ქარის ჩუმი შრიალი,
გრძნობა უკიდეგანო,
აღსარება გვიანი?..
თოვლისფერი თოვლი და
ნისლისფერი ნისლები,
უსასრულო ლოდინი,
ფიქრთა ლაბირინთები?..
გახსოვს
ლურჯი საღამო,
იასამნის სურნელი,
სევდა დაუსაბამო,
იმედები ულევი?..
''Ego tanquam centrum circuli...''
''მე წრის ცენტრის მსგავსი ვარ...''
(დანტე)
* * *
ალბათ, ყველაფერს წაიღებს ქარი,
მტვრად მიმოფანტავს თეთრ უდაბნოში,
ისევ იშვება ნეკნიდან ქალი,
ისევ აცდუნებს ადამს წალკოტში...
ალბათ, ყველაფერს წაიღებს წყალი,
ცრემლი კვლავ განწმენდს მრავალგზის ცოდვას,
სადღაც, საწუთროს ჩარხის ტრიალში
ვიღაცა ღვთის წინ ისევ შესცოდავს...
ალბათ, ყველაფერს გადასწვავს ცეცხლი,
ზეცას შესწვდება ცოდვილთ გოდება
და დავიწყების ფერფლით დაჰფარავს
ვარდების ბაღნარს წმინდა ოთხება.
ბოლოს, ყველაფერს დაფარავს მიწა,
ერთ მუჭა შიშად ქცეული მტვერი,
დატრიალდება ისევ მანდალა,
ღმერთი კი ყველას წრის ცენტრში ელის...
* * *
ფიქრთა ღრუბლები მორეკა ქარმა,
ზეცამ ჩაიცვა სევდის სამოსი,
დავიკარგები, ვიცი, ხელახლა
შენი თვალების ლურჯ უდაბნოში.
დავიკარგები, როგორც ზმანება,
ვით წვიმის წვეთი ყვითელ სილაზე,
შარაგამოვლილს ისევ მომწვდება
შენი სხეულის თბილი სინაზე.
ვიცი, სიგიჟე არას მომიტანს,
მაინც მივყვები მე შენს ნაკვალევს,
ამქვეყნად დარდსაც კი ეშველება,
მაგრამ რა ვუყო მაგ ზღვისფერ თვალებს?
ალბათ, შეწყდება ჩემს სულში თოვა,
სევდიან ფიქრებს გაფანტავს ქარი,
მაგრამ სიძნელე არდავიწყების
იქნება შენი თვალების ბრალი.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
2002
* * *
იცი, რა მინდა-? დილა ნათელი
და გაზაფხული ირმისთვალება,
ატმის ყვავილთა ნაზი ნამქერი,
მერცხლის თვალებში რომ იმალება.
იცი, რა მინდა?-გრძნობის მორევი
და მოვარდნილი ლექსი ზვირთებად,
გაცოცხლებული ჩვენი წარსული,
ძველი კოშკიდან რომ ირინდება.
იცი, რა მინდა?-ძველი ყივჩაღი,
კრწანისის ველზე ქართველთ ყიჟინი,
უფლისციხესთან ყაყაჩოები
და გუთნისდედის ტკბილი ღიღინი.
იცი, რა მინდა?-ბრძოლა ნამდვილი,
ხერხეულიძეთ ხმალთა ქნევანი,
რომ მომავლისთვის ივერიაში
იწურებოდეს ვაზის მტევანი.
იცი,რა მინდა?-სამშობლო მთელი,
ზურმუხტისფერი მთა და ქედები,
განახლებული ქვეყანა ჩემი,
ლაჟვარდი ზეცა...თეთრი მტრედები.
იცი, რა მინდა?-დილა ნათელი
და გაზაფხული ირმისთვალება,
ატმის ყვავილთა ნაზი ნამქერი,
მერცხლის თვალებში რომ იმალება.
* * *
თუ რამე მომკლავს,
ისევ ჩემი ქვეყანა მომკლავს,
ზურმუხტისფერი მთა-ველები
და ლურჯი ზეცა,
თუ რამე ბორგავს,
ისევ ჩემი გული თუ ბორგავს,
რათა სამშობლოს სიყვარული ამოვთქვა ლექსად...
თუ რამე მიყვარს,
რუსთაველის შაირი მიყვარს,
გალაკტიონის ლურჯი თოვლი
და ტატოს სევდა,
მერე კი დიდხანს ველოდები
ევტერპეს ციდან
და მივისწრაფი გარდაცვლილი
ლექსებით ღმერთთან...
თუ რამე მომკლავს,
ისევ ჩემი ქვეყანა მომკლავს,
უფლისციხესთან სისხლისფერი
ყაყაჩოს წვეთი,
არ უწერია ქართვლის შვილებს
გადაშენება,
სანამ ამქვეყნად იარსებებს
ნაღდი პოეტი!